მთავარი » ფაილები » My files

ნახევარქათამის ამბავი
2015-06-18, 8:26 AM

ნახევარქათმის ამბავი

ერთი ნახევარქათამი და ერთი მელია დაძმობბილდნენ. წავიდნენ გზასა. მელიამ გზაზე ნახევარქათამი გააჯავრა.ნახევარქათამმა უთხრა მელიას: - მელია, სუ, თორემ ჩაგყლაპავო.

მელიამ გაიცინა და უთხრა: - ჩამყლაპეო. გააღო პირი და გადაყლაპა მელია.

წამოვიდა. გზაზე ერთ მგელს შეხვდა და მასაც დაუძმობილდა. წავიდნენ ერთად, გზაზე მგელმა გააჯავრა ნახევარქათამი. ნახევარქათამმა უთხრა: - მგელო, ჩაგყლაპავ, თუ თავი არ დამანებეო. - ჩამყლაპეო, - უთხრა მგელმა.გააღო პირი ნახევარქათამმა და მგელიც მელიასთან ჩააბრძანა.

წამოვიდა ისევ ნახევარქათამი. გზაზე ერთ დათვს შემოხვდა: - დათვო, ჩაგყლაპავო, უთხრა ნახევარქათამმა.დათვმა რაღაც დაიბუტბუტა და ხმა არც კი გასცა. გააღო პირი ამ ნახევარქათამმა და გადაყლაპა დათვიც.

წავიდა ისევ ნახევარქათამი და მივიდა ერთ ზღვასთან. დაღონდა ნახევარქათამი: როგორ უნდა გადავიდეო.იფიქრა, იფიქრა, გააღო პირი და ჩაყლაპა ეს ზღვა და მშრალზე გავიდა ზღვის გაღმა. აქ ამოეფარა კამეჩის ნეხვს და დაიწყო ძახილი: - დიდებულო ხელმწითევ! გამოგზავნა ხელმწიფემ ნაზირ-ვეზირები - წადით, ვინ იძახისო.

წამოვიდნენ ეს ნაზირ-ვეზირები, ეძებეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. ხელმწიფეს მოახსენეს: - ვეძებეთ, მაგრამ ჩვენ ვერვფერი ვიპოვეთო.

ნაზირ ვეზირები რომ გაშორდნენ, ნახევარქათამმა ისევ მორთო ყვირილი: - დიდებულო ხელმწიფევ, დიდებულო ხელმწიფევ!

წამოვიდა ახლა თვითონ ხელმწიფე. ეძება ეს მყვირალა და კამეჩის ნეხვის უკან იპოვა; წაიყვანა შინ, მისცა კარისკაცებს და უთხრა: - საქათმეში შეაგდეთო.

წაიყვანეს ნახევარქათამი და შეაგდეს საქათმეში. ნახევარქათამმა ამოუშვა მელია მუცლიდან. მელიამ დაჭამა ქათმები და გასწია თავის გზაზე. მეორე დღეს შევიდნენ, ნახეს - ქათმები ერთიც აღარ არის.დაიჭირეს ნახევარქათამი და შეაგდეს საბატეში.

ამოუშვა ნახევარქათამმა მგელი. მგელმა დაჭამა ბატები და წავიდა თავის გზაზე. მეორე დღეს შევიდნენ საბატეში, ნახეს, რომ ერთი ბატიც აღარ დარჩენილა; ნახევარქათამი კი ქანდარაზე ზის.

გამოიყვანეს და დაამწყვდიეს საცხვრეში - ეგებ ერკემალმა გაჭყლიტოსო. ამოუშვა ნახევარქათამმა დათვი ამ ცხვრებში. დათვმა დაჭამა ცხვრები და გასწია თავის გზაზე. მეორე დღეს ხელმწიფემ შეგზავნა კაცები: ნახეთ იმ ეშმაკმა რა ჰქნაო? შევიდნენ, ნახეს - ცხვარიც აღარ არის.

გაჯავრდა ხელმწიფე. მაშინ უბრძანა მისი დაკვლა: მოახრაკვინა და შეჭამა. მუცელში გაცოცხლდა ნახევარქათამი და დაიწყო ხტუნაობა და სიმღერა. ხელმწიფემ უბრძანა ნაზირ-ვეზირებს და მეომრებს: აიღეთ ხმლები და როდესაც ამოფრინდება, მოკალითო. ამოფრინდა ნახევარქათამი და გაიქცა ბაღში. გამოუდგნენ მოსაკლავად.ამოუშვა პირიდან ნახევარქათამმა ზღვა და ჩაახრჩო ხელმწიფე და მისი ნაზირ-ვეზირები.

კატეგორია: My files | დაამატა: lukkkka
ნანახია: 1267 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar