მთავარი » ფაილები » My files

ასფურცელა
2015-06-18, 8:17 AM

ასფურცელა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ცოლ-ქმარი. ჰყავდა სამი შვილი: ორი ვაჟი და ერთი ქალი. მამა ადრე გარდაიცვალა. დედამ უთხრა შვილებს: - შვილებო, თქვენ დედულ-მამულს რატომ არ მოუვლითო?

შვილებმა არ იცოდნენ თუ დედულ-მამულლი ჰქონდათ. დედას უთხრეს:

- ჩვენ რომ წავიდეთ, საჭმელი ვინ უნდა წამოგვიღოსო? - დედამ უთხრა:

- თქვენს დას გამოვატანო.

მართლაც, გაუმზადა ერთი კვირის საგზალი და თან ხახვი გაატანა. გზადაგზა რომ იაროთ, ეს ხახვის ნაფცქვენები ყარეთ გზაშიო. თქვენი და გამოყვება ამ ნაფცქვენებს და მოგაგნებთო. გზაზე ერთი სოფელი იყო გასავლელი. იქ ცხოვრობდა ასთავიანი დევი, რომელსაც ჰყავდა ბებერი დედა. ამოვიდა, მოკრიფა ხახვის ნაფცქვენები და თავის გზაზე დაყარა. ერთი კვირის შემდეგ დედამ თავის ქალიშვილს გაატანა ბიჭების საჭმელი. მისდევს იგი ხახვის ნაფცქვენებს, მიადგა ასთავიანი დევის სახლს. დახვდა ასთავიანის დედა შინ. მოხუცს ძალლიან მოეწონა ქალი და უთხრა:

- მოდი, შვილო, ახლოს, თორემ ჩემმა შვილმა რომ დაგგინახოს შეგჭამსო.

ქალი მივიდა მოხუცთან. დედაბერმა დამალა. მოვიდა დევი და დედას ჰკითხა:

- დედი, ადამიანის სუნი მომდისო.

- არა, შვილო, აქ ადამიანს რა უნდაო. - ბოლოს გამოტყდა დედა: - თუ არ შეჭამ, გამოგიჩენო.

გამოუჩინა ქალი. ასთავიან დევს ძალიან მოეწონა, შეირთო ცოლად.

რაკი დანიშნულ დროზე ამ ძმებს ხარჯი არ ჩაუტანა, ბიჭები შინ წამოვიდნენ. დედას უთხრეს: - რატომ ხარჯი არ გამოგვიგზავნეო?

დედამ იცოდა, იმ სოფელში რომ ასთავიანი დევი იყო და დაიწყო ტირილი: - ჩემს შვილს ასთავიანი დევი შეჭამდაო. ძმებმაც გაიგეს ეს ამბავი და გაემგზავრნენ დის დასახსნელად. როდესაც მივიდნენ, გამოიხედა ბებერმა. დაიწყო ჩხუბი:

- ჩემი შვილის შიშით მაღლა ფრინველს ვერ გაუვლია, დაბლა ჭინჭველასაო. ვაჟებმა უთხრეს რომ ის ქალი მათი და იყო, მოხუცმა მიიპატიჟა შინ. ასთავიანი დევი სანადიროდ იყო წასული. როდესაც დევის მოსვლის დრო დადგა, დედაბერმა ვაჟები დამალა. მოვიდა დევი, მოიტანა ნანადირევი და გაიგო, რომ აქ ვიღაცა იყო. დედამ უთხრა:

- თუ არ შეჭამ, გამოგიჩენო.

მართლაც, გამოუჩინა დედამ და შეუდგნენ ვახშმის მზადებას. სანამდის ორნი ერთ ირემს გაატყავებდნენ, მანამ ასთავიანმა დევმა მოხარშა კიდეც. მიიპატიჟა ცოლისძმები და ჰკითხა: - ხორცის კაცნი ხართ, თუ ძვლისანიო? ცოლისძმებს შეეშინდათ და უთხრეს: - ძვლის კაცები, ხორცი რა ჩვენი საქმეაო. მართლაც, ასთავიანი დევი ხორცს ჭამს, ძვლებს კი იმათ აძლევს. მოიტანა ღვინო და უთხრა: - დოქის კაცები ხართ, თუ ყანწისაო? - დოქი რა ჩვენი საქმეა, ყანწი მოგვიტანეო. ვახშამი რომ დაამთავრეს, დევმა უთხრა: - ლოგინის კაცები ხართ, თუ გომისაო? - ლოგინი რა ჩვენი საქმეა, გომში დავიძინებთო.

დილით ადგა ასთავიანი დევი და უთხრა დედას: - საგზალი გამიმზადე, სანადიროდ მივალო. დედამ უთხრა: - შვილო, დაბლა ორი კუტი არის, ისინი ჩაილაგეო. ასთავიანი დევი ჩავიდა გომში, ერთი შეჭამა, ერთი იღლიაში ამოიჩარა და გაემგზავრა სანადიროდ.

გავიდა დრო. ვაჟებიც დაკარგა დედამ და ქალიც. ტირის. ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიარა კაცმა და ეკითხება დედაკაცს, რა გატირებსო? დედაკაცმა უამბო თავისი თავგადასავალი. კაცმა ამოიღო ერთი ვაშლი, მისცა დედაკაცს და უთხრა: - ეს ვაშლი ას ნაწილად გაჭერი და დღეში თითო შეჭამეო. დედაკაცმა დაჭრა ვაშლი ას ნაწილად. დაუწყო სათითაოდ ჭამა. გაათავა თუ არა ვაშლი, გაუჩნდა ერთი ვაჟი, დაარქვა ასფურცელა. ვინც წლით იზრდებოდა, ის დღით იზრდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს უბნის ბიჭები კოჭაობას თამაშობდნენ. ასფურცელაც ამ ბიჭებში იყო. ერთ სოფლის დედაკაცს კოკით წყალი მოჰქონდა. ასფურცელამ ყორა გაარტყა ჯოხს, გაბზრიალდა ის ჯოხი, კოკას მოხვდა და გატეხა. დედაკაცი გაბრაზდა: - დაგწყევლო, როგორ დაგწყევლო, დედისერთა ხარ, ვერ გიმეტებო. თუ შნო გაქვს, შენი ძმები და შენი და ასთავიანი დევისაგან გამოიხსენიო!

ასფურცელამ ეს რომ გაიგო, იმ წამს შინ გაიქცა. დედას უთხრა: - ძუძუ მინდაო. დედამ დაუწყო ჩხუბი: - რაღა დროს შენი ძუძუაო! მაგრამ ასფურცელამ ძალიან და ძალიან შეაწუხა. მისცა ძუძუ. ასფურცელამ მოუჭირა კბილები და დედას შეეკითხა: - მითხარი, და-ძმები მყავს თუ არაო? დედამ უთხრა: - ასთავიან დევთან არიანო. ასფურცელა ადგა და გაემგზავრა ასთავიანი დევის სახლისაკენ. გზაზე ერთი ხევი ჰქონდა გასავლელი. ხევს რომ მიუახლოვდა, გამოჩნდა ის სახლი, სადაც ასთავიანი დევი იყო. ბებერმა შენიშნა ეს ახალგაზრდა და თქვა: - დედიშენის ღმერთსაო! მიუახლოვდა ასფურცელა იმ სახლს. შევიდა ეზოში და სიბრაზით დაიწყო სიარული. ბებერმა ჩხუბი დაუწყო ახალგაზრდას: - წადი აქედან, თორემ ჩემი შვილი მოვა და შეგჭამსო. ასფურცელამ უთხრა: - მე მოგივლი შენცა და შენს შვილსაცაო! საღამო ხანს მოვიდა დევი და მოიტანა ნანადირევი, დაინახა ვიღაც უცნობი, თვალებიდან ცეცხლი გადმოსცვივდა სიბრაზისაგან. მივიდა ახალგაზრდასთან. ახალგაზრდამ უთხრა ასთავიან დევს: - შენი ცოლისძმა ვარ და არ მიმიღებ ამაღამაო? ასთავიანი დევი დაყაბულდა და მიიპატიჟა სახლში. დაიწყეს ნანადირევის გატყავება. სანამდის ასთავიანი დევი ერთს გაატყავებდა, მანამ ასფურცელამ ორი გაატყავა, დაკუწა და მოხარშა კიდეც.

დასხდნენ ვახშამზე. ასთავიანი დევი ეუბნება ასფურცელას: - ძვლის კაცი ხარ თუ ხორცისაო? - ძვალი რა ჩემი ხელობაა, ხორცი მომიტანეო! ხორცს ასფურცელა ჭამდა, ძვლებს კი ასთავიან დევს აძლევდა. ღვინოზეც ისევე ქნა: - დოქის კაცი ხარ, თუ ყანწისაო? - ყანწი რა ჩემი ხელობაა, დოქი მოიტანეო! დაამთავრეს ვახშამი და უთხრა ასფურცელას: - მოდი, ერთი დავეჭიდოთ, რომელმაც წააქციოს, ის იყოს ნაჯობნიო. ასთავიანმა წაავლო ხელი და ნძრევაც ვერ უყო. მერე წაავლო ხელი ასფურცელამ და წააქცია. ამ დევს ძალიან შეეშინდა, უთხრა: - გომის კაცმ ხარ, თუ ლოგინისაო? - გომი რა ჩემი საქმეა, ლოგინისაო. როდესაც ჩავიდა ასთავიანი დევი გომში დაიწყო ხმლის ლესვა. ასფურცელამ გაიგო ეს ამბავი, ადგა ჩუმად, გამოაღო კარები, შეიტანა ერთი კუნძი, დადო ლოგინზე, დააფარა ზევიდან საბანი თვითონ კი კუთხეში დაიმალა. როდესაც იფიქრა ასთავიანმა დევმა, ახლა კი სძინავსო, ამოვიდა მაღლა, შეაღო კარი ჩუმად და დაუშინა ლოგინს ხმალი. ეს ლოგინი სულ ქუცმა-ქუცმა აქცია, მერე წავიდა და დაიძინა.

ასფურცელა მივიდა, გადმობერტყა ლოგინი, ჩაწვა ისევე. ასთავიან დევს ეგონა, მოვკალიო. დილით გამოეღვიძა თუ არა, ავიდა მაღლა, ნახა, ასფურცელა ისევ ლოგინში წევს და შეეკითხა: - წუხელი რწყილებს ხომ არ უკბენია შენთვისაო? - არაფერი შემიტყვიაო. ასთავიან დევს უფრო შეეშინდა და უთხრა: მოდი ერთხელაც დავეჭიდოთ და თუ კიდევ მაჯობე, შენი მონა ვიქნებიო. ასფურცელამ წაავლო ხელი, გადმოაგდო მაღლიდან, ყელამდის ჩაჯდა მიწაში ასთავიანი დევი. ამოიღო ხმალი ასფურცელამ და უთხრა: - თქვი, რა უყავი ჩემი ძმები და ჩემი და, თორემ თავებს გაგაყრევინებო. ასთავიანმა დევმა უპასუხა: - შენი და სახლში არის, შენი ძმები კი მუცელში რომ ერთი კოლოფი მაქვს იმაში სხედანო. ასფურცელამ დააჭრა თავები, გაჭრა შუაზე, ამოიღო კოლოფი, რომელშიც ისხდნენ ძმები. მონახა თავისი დას და გაემგზავრნენ შინისაკენ. ერთ მშვენიერ ალაგს ერთი მუხა იდგა. მუხასთან რომ მივიდა, ასფურცელა შეეხვეწა თავის ძმებს და დას: - აქ დავისვენოთ, ძალიან დაღლილი ვარო. არ გაუტეხეს ხათრი და დაისვენეს. ასფურცელა ცოტა ხნით მიწვა. დაენძინა. უმადურმა ძმებმა დაგრიხეს წნელები, ააყენეს მძინარე ასფურცელა, მიაკრეს მუხაზე ისე, რომ თითის ფრჩხილებიდან სისხლი გასდიოდა. გამოეღვიძა ასფურცელას. ნახა, დაბმული იყო მუხაზე.

შეეხვეწა ღმერთს: - თუ მე ვტყუი ჩემს ძმებთან. აქვე მომკალი, თუ არადა, ეს მუხა მომაგლეჯინეო. მართლაც, მოგლიჯა მუხა და შინისაკენ გაეშურა. შინ რომ მივიდა, დაუძახა თავის ძმებს: - გამოიხედეთ, ეს მუხა მაინც მომხსენითო. ძმებს ძალიან შეეშინდათ: ახლა კი დაგვხოცავს ჩვენი ძმაო. მაგრამ რას იზამდნენ: მოხსნეს მუხა. შევიდა სახლში ასფურცელა და დედას ეუბნება: - დედავ, შენი შვილები მოგგვარე, მხოლოდ ძალიან დამტანჯესო. ამათ ყურებას ვერ შესძლებ, სხვაგან უნდა წავიდეო! მართლაც ადგა და წავიდა.

ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, გავიდა ერთ მინდორში. ერთი რცხილა იდგა, შეჩერდა ხესთან, გაისროლა მშვილდ-ისარი. წავიდა ისარი, გადაიარა ცხრა მთა და დაერჭო ერთი სახლლის წინ. იქ ცხოვრობდა ცხრა დევი. დილით ნახეს ისარი. ცხრანივე დაეჭიდნენ და ვერ ამოაძრეს. შეეშინდათ დევებს და გადაიხვეწნენ იმ ადგილიდან. მივიდა ასფურცელა, დაათვალიერა სახლი. ერთ ოთახს კლიტე ედო, გატეხა კლიტე, შევიდა შიგნით და ნახა ცხრა მზეთუნახავი ქალი. გაუღო კარები: - წადით, თქვენ თქვენი გზა ნახეთ, ახლა თავისუფლები ხართო! ქალები არ წავიდნენ. შემოეხვივნენ ასფურცელას და ეუბნებიან: არა ჩემი ქმარი უნდა იყო და არა ჩემიო. ასფურცელას ყველაზე ნაბოლარა მოეწონა და შეირთო.

ასფურცელას ნადირობა მოუნდა და გაემგზავრა სანადიროდ. როდესაც ინადირა, დაეძინა. ამ დროს ცხრა დევმა ნახა, მოსაკლავად ვერ გაიმეტეს და თვალები დასთხარეს. გაუშვეს ისევე ტყეში. დადის ასფურცელა. იარა, ცოტა იარა თუ ბევრი, გავიდა ერთ მინდორზე. ყვირილი შემოესმა. რომ მიუახლოვდა ასფურცელა, გაიგო - კამეჩი ჩავარდნოდათ ღელეში მეხრეებს და ვერ ამოჰყავდათ. მივიდა ასფურცელა მეხრეებთან, უთხრა: ისე მიმიყვანეთ ნაპირას, რომ შიგ არ ჩავვარდე და მე ამოვიყვან კამეჩსაო. მეხრეებმა უთხრეს: - შვიდუღელა საქონლით ვერ ამოვიყვანეთ, შენ როგორ ამოიყვანო. მართლაც დააყენეს ნაპირას. ჩასწვდა ასფურცელა კამეჩს, დაავლო ხელი და მაღლა შემოისროლა. ეს კამეჩი სულ ქუცმა-ქუცმად დაიბნა.

მეხრეებში იყო ერთი კაცი, რომლის ქალიშვილებიც ტყვეობაში ჰყავდა იმ ცხრა დევს. ასფურცელამ თავისი ამბავი აუხსნა მეხრეებს. მაშინ ენიშნა ეს სიტყვები. ამ კაცმა უთხრა ასფურცელას: ჩემთან წამოდი, თვალებს მე აგიხელო. წაიყვანა, წამალი გაუკეთა, წაუსვა თვალებზე და მოურჩინა. ასფურცელა გამოემშვიდობა ხალხს და გასწია თავისი სახლისაკენ: მივიდა, ნახა ცოლი და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება.

ჭირი იქა, ლხინი აქა;

ქატო იქა, ფქვილი აქა.

კატეგორია: My files | დაამატა: lukkkka
ნანახია: 1075 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar